საქართველოს ეროვნული არქივი წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციაში (International Association of Book and Paper Conservators – IADA) გაწევრიანდა, რაც უწყებას რესტავრაციის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვის საშუალებას მისცემს. ასოციაცია (IADA) მსოფლიო მასშტაბით წიგნისა და ქაღალდის რესტავრაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს აერთიანებს.
ასოციაციის წევრობა ეროვნულ არქივს შესაძლებლობას მისცემს მჭიდრო კავშირი დაამყაროს რესტავრატორთა მსოფლიო საზოგადოებასთან, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში; თანამშრომლობა გააღრმავოს პროფესიულ ორგანიზაციებთან, გაეცნოს პროფილურ გამოცემებსა და სხვა რესურსებს.
ეროვნული არქივი მუდმივად ზრუნავს რესტავრაციის ლაბორატორიის განვითარებაზე. რესტავრატორები მუშაობენ როგორც ეტრატზე, ისე ქაღალდის საფუძველზე შექმნილი ხელნაწერებისა და დოკუმენტების, წიგნების, მინიატურების, აფიშების, ნახაზების, ფოტოების აღდგენაზე, რაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება.