საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია არქივში დაცული ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წერილობითი და ფოტო მასალები: სააქტო ჩანაწერი ილიას დაბადების შესახებ; ილიასა და მისი მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის ნამსახურობათა ნუსხები; ილიას პაპის, პაატა ჭავჭავაძის თხოვნის წერილი თავადაზნაურთა საკრებულოსადმი (1820 წ.); ილიას წერილები და მოხსენებები; მის მიერ შედგენილი სასამართლო სხდომის ოქმები (1868 წ.); ჭავჭავაძეთა მიწის ნაკვეთის გეგმა (1842 წ.) და სახლის პროექტი (1904 წ.); ილიას ანდერძი (1905 წ.); ჟანდარმერიის გადაწყვეტილება ილიაზე მუდმივი მეთვალყურეობის დანიშვნის შესახებ (1905 წ.); ილიას მკვლელობის საქმის გამოძიების მასალები (1941-1942 წწ.); გიგლა ბერბიჭაშვილის პირადი საქმე (1929-1941 წწ.) და სხვა უნიკალური დოკუმენტები.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტების გამოფენათა ციკლს აგრძელებს და მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო გამოფენის მოწყობას გეგმავს. „დღეს წარმოდგენილია საზოგადოების ფართო წრისთვის უცნობი არაერთი დოკუმენტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას ასახავს. სასურველია, ასეთ გამოფენებს ახალგაზრდობა ხშირად დაესწროს. ეს ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას. შეიძლება, ილიას შემოქმედებას ბევრი იცნობს, მაგრამ აქ გამოფენილი დოკუმენტები უკეთ გვაცნობს ილიას პიროვნებას, ვხედავთ, როგორი იყო იგი შემოქმედების მიღმა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, გამოფენა 24 მაისამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს არქივში დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს.