საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა "სპარსული დოკუმენტების კოლექცია" გაიხსნა.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თეონა იაშვილის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია 36 სპარსული დოკუმენტი, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებით თარიღდება. ყველა დოკუმენტი დედანია, მათში ასახულია საქართველოსა და კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება.
საგამოფენო ექსპონატები შაჰ-თამაზ I-ის, შაჰ-აბას I-ის, შაჰ-სეფი I-ის, შაჰ-აბას II-ის, შაჰ-სულეიმან I-ის, შაჰ-სულთან ჰუსეინის, ნადირ-შაჰის, ქერიმ-ხანის, აღა-მაჰმად ხანის, ფათალი-შაჰის, აბას მირზას ფირმანებს, ოქმებსა და არზებს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია სპარსულ ენაზე შესრულებული ერეკლე II-ის ბრძანებები და ეკატერინე სტაროსელსკაიას წერილი.
სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე, ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.
ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია 1237 დოკუმენტისგან შედგება, რომლებიც წარმოადგენს შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს, არზებს შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.