მარტი 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

„დედაენის დღეს გახსნილი ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები, რომელთა ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას “, - აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამოფენის გახსნისას.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურული სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე) მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის   სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.