მარტი 548
en

ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ხელნაწერს „ეფრემ ასური და ლავსაიკონი“ რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ხელნაწერს „ეფრემ ასური და ლავსაიკონი“* რესტავრაცია ჩაუტარდება.
მე-18 საუკუნის ხელნაწერი წიგნის აღდგენა ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში უკვე დაიწყეს. 
1767 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნის ზომა საკმაოდ დიდია -  47,5/35,7სმ. აქვს ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა, რომელიც დაზიანებულია. ძირითადი ტექსტი ნუსხურით, სათაურები და თავასოები კი ასომთავრულითა და სინგურით არის შესრულებული.
ხელნაწერი შედგება სამი წიგნისაგან. პირველ წიგნში მოთავსებულია: „ღირსისა მამუსა ჩუენისა ეფრემ ასურისა ეპისტოლე იოანეს მიმართ მონაზონთა მოთმინებისათვის“ და სწავლებანი - „სათნოებისათვის სწავლანი ათნი“, „სიტყუანი მოღვაწებითნი“, „მართლისა ცხოვრებისათვის“ და სხვა (სულ 18 სწავლება). 
მეორე წიგნში შესულია: „წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ეფრემისი სიტყვაი მოღუაწებითნი სრულყოფისათვის მონაზონისა შრომასა შინა...“ და სწავლებანი - „შიშისათვის ღვთისა“, „უშიშროებისათვის“, „სიყუარულისათვის“ და სხვა. (სულ 49 სწავლება). ორმოცდამეცხრე არის „ანდერძი წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ეფრემ ასურის“.
მესამე წიგნში - ლავსაიკონი - „ამას წიგნსა შინა წერილ არიან სათნოებითნი მოღვაწეობანი და საკვირველნი ცხოვრებისა წარმატებანი სანატრელთა წმიდათა მამათა პატიოსანთა და განშორებულთა უდაბნოს“. ლავსაიკონში შესულია, აგრეთვე, 80 სწავლებანი.
ხელნაწერს აქვს მინაწერი: „ეს ეფრემი მე სრულიად საქართველოს მემკვიდრემ, მეფის გიორგის პირმშომან ძემან დავით, შემოგწირე შენ ჩემ სასოსა ათორმეტთა მამათაგან წმიდასა და საკვირველ მოქმედსა შიო მღვიმელს, სულისა ჩემისა საოხად. ჩყგ (1803) წელსა და თებერვალს ით (19)“.
ხელნაწერი გადაუწერია ჯვარის საყდრის დეკანოზ იოანეს, რომელიც იყო მეფე ერეკლესა და დედოფალ დარეჯანის მოძღვარი.
ხელნაწერი არქივში 1923 წელს, შიომღვიმის მონასტრიდან შეიტანეს.
ეფრემ ასური (306-373) სირიელი პოეტი, მწერალი, საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.
ეფრემი დაიბადა ქალაქ ნისიბინში, წარმართთა ოჯახში. ჭაბუკობის ასაკში მიიღო ქრისტეანობა, 365 წელს ედესაში დასახლდა.
მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების კომენატრები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები. ეფრემის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია სახარების ტექსტის კომენატრები.
მის ნაწარმოებს X საუკუნიდან თარგმნიდნენ და სწავლობდნენ.
ეფრემ ასურის ნაწარმოებების მთარგმნელთა შორის იყო ექვთიმე მთაწმინდელი და ეფრემ მცირე (XI საუკუნის II ნახევარი).
ხელნაწერი წიგნი იწონის 9 კგ.ს, შედგება 222 ფურცლისაგან.
* ლავსაიკონი - უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამათა ცხოვრების აღწერა.