მარტი 548
en

ეროვნულ არქივს ბელგიელი ძმების მიულსების ელექტრონული არქივი გადასცეს

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი  დღეს  ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაციის წევრებს რიტა კალკონსა და მიშელ ვერმოტს შეხვდა.  სტუმრებმა თბილისში ბელგიელი ძმების მიულსების შთამომავლების მიერ საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაცემული მასალის ელექტრონული ასლები ჩამოიტანეს.

„ბელგიელი კოლეგების მიერ მიულსების შთამომავლებთან მოძიებული მასალა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მრეწველობის განვითარების ისტორიის დაზუსტებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ერთ-ერთი ძმა, ავგუსტ მიულსი საქართველოში 1908 წელს ჩამოვიდა და ფრანგული „დარკვეთის მანგანუმის მომპოვებელი საზოგადოების“ მმართველი გახდა. 1910 წელს მასთან დაიწყო მუშაობა მისმა ძმამ ჰენრიმ, რომელიც ინჟინერი იყო. 1913 წელს მათ კიდევ ერთი ძმა პიეტერი შეუერთდა; პირველი მსოფლიო ომის დროს კი მიულსების მთელი ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქ 1926 წლამდე დარჩნენ.

რიტა კალკონის ინფორმაციით, ეროვნული არქივისთვის გადაცემული მასალა 2000-მდე წერილისა და 200-მდე ფოტოს ციფრულ ასლს აერთიანებს, რომლებიც 1909-1926 წლებით თარიღდება. აქ აღწერილია იმ პერიოდის საქართველოს კულტურული და სამრეწველო ცხოვრება; ფოტოებზე ასახულია მანგანუმის საბადოები, ტექნიკური აღჭურვილობა, მუშათა ურთიერთობები, სოფლის მცხოვრებლები, მათი ტრადიციები, ბუნების ხედები და სხვა. წერილობითი დოკუმენტები, ძირითადად, ფრანგულ ენაზეა შედგენილი.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს საქართველოში მიულსების არქივის გამოფენა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტთან 2011 წლიდან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო საარქივო მასალის ელექტრონული ვერსია გაცვალეს.