საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებისთვის დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ჯონ შერიდანმა ონლაინსესია გამართა.
ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ზვიად მელქაძემ ბრიტანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ელექტრონული არქივირების (eArchiving) მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები. თავის მხრივ, ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ტექნოლოგიების დირექტორმა ისაუბრა ელექტრონული არქივირების სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე, კერძოდ, ელექტრონული არქივების პოლიტიკისა და კანონმდებლობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ციფრული მონაცემების გრძელვადიანი შენახვის საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ვებარქივებისა და ვიდეოარქივების შექმნის შესაძლებლობებს, მკვლევართა დარბაზებში სერვისების განვითარებას, მათ შორის გენეალოგიური კვლევის მიმართულებით.
ელექტრონული არქივების თემაზე დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობა ონლაინდისკუსიების ფორმატში მომავალშიც გაგრძელდება.