ფასდაუდებელი საბუთი და უდიდესი ქართველი მეფის ავტოგრაფი - ეროვნულ არქივში შიომღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძია დაცული (1123/1124).
საბუთს თავსა და ბოლოში ჰქონდა დართული მეფის ავტოგრაფული წარწერები:
„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“.
„ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.
საბუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის და მასში, ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობის შესახებ.
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო შემორჩენილი. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი, სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ აქ დაცული ქართული სიგელ-გუჯრები ერთიანად განადგურდა. დავით აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი.
"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.