18 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა - ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.
საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წვრთნების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემულ გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.
გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტები, რომლებმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო პირებისა და შეიარაღების ცოცხალი კადრები შემოგვინახა.
გამოფენის მიზანია საზოგადოების ინტერესის გაზრდა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ.
გამოფენის კურატორია დიმიტრი სილაქაძე.
ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.