საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 7 ივნისს, 16:00 საათზე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ გაიხსნება.
ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე საქართველოს ერონული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.
სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.
ფოტორეპროდუქციების გარდა გამოფენილი იქნება სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული ორიგინალები: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო მასალა.
სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში დაგეგმილი გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და დიდი მოამაგისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ექსპოზიცია ერთი თვე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.