მარტი 548
en

ანჩის სახარება საარქივო პორტალის ევროპული ქსელის პირველი ქართული „პოპულარული დოკუმენტი“ გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანჩის სახარება (XII-XIII საუკუნეები) პირველი ქართული დოკუმენტია, რომელიც საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) განსაკუთრებულად ღირებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების სექციაში - „პოპულარული დოკუმენტი“ - განთავსდა.

ევროპული პორტალის ვებგვერდზე ანჩის სახარებას დაეთმო ცალკე გვერდი, რომელზეც წარმოდგენილია როგორც დოკუმენტის ვიზუალური მასალა, ასევე მოკლე აღწერილობა (იხილეთ ბმული http://www.archivesportaleurope.net/featured-document/-/fed/pk/82726).

ხელნაწერს აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული, ვერცხლის ფირფიტებითა და შუაში განთავსებული მოზრდილი მწვანე თვლით შემკული შავი ყდა; გადაწერილია XII საუკუნეში შავი მელნით; საზედაო ასოები და თავსამკაულები - სინგურით. ახლავს მათე მახარებლის მინიატურა. მოჭედილია დაახლოებით 1204-1207 წლებში ბექა ოპიზრის მიერ. თუმცა მის ნამუშევარს ჩვენამდე არ მოუღწევია და ამჟამად ხელნაწერს გვიან შუა საუკუნეებში მოჭედილი ყდა აქვს.  ოთხთავის ბოლოს დართულ ვრცელ ანდერძში მოხსენებული არიან: თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა-გიორგი, ასევე, ანჩელი ეპისკოპოსები.

საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) მისიაა ევროპულ არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მათი მასალების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში APEx-ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც საქართველო გასულ წელს შეუერთდა, „პოპულარული დოკუმენტის“ სექციაში პერმანენტულად ათავსებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის ცალკეულ დოკუმენტებსა თუ მთლიან კოლექციებს. ეს მასალა ვებგვერდის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს და საფუძვლიანად შეისწავლოს ევროპული კულტურის საგანძური.

 ამჟამად პორტალზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: ისლანდიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლიტვის, უნგრეთის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის, 18 პოპულარული დოკუმენტია წარმოდგენილი.

 საარქივო პორტალის ევროპული ქსელის ვებგვერდის საშუალებით საქართველოს ეროვნული არქივი მომავალშიც გააგრძელებს თავის ფონდებში დაცული უნიკალური მასალის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.