ამბროლაურის კულტურის ცენტრში - სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ დღეს ფოტოგამოფენა „რაჭა“ გახსნეს.
ექსპოზიციაზე წარმოადგინეს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა. მათ შორის: XIX საუკუნეში მოღვაწე ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვისა და იტალიელ ფოტოგრაფ ვიტორიო სელას მიერ რაჭაში გადაღებული ფოტოები - ტიპაჟები, ხედები, ხუროთმოძღვრების ძეგლები; რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობის ამსახველი ფოტოები (1912). გარდა ამისა, წარმოდგენილია XX საუკუნის ამბროლაური, ონი, შოვი; 1987 წლის წყალდიდობა და 1991 წლის მიწისძვრა რაჭაში; კადრები მხატვრული ფილმიდან „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (1977).
გამოფენის გახსნისას ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული პირველი ქართული დოკუმენტური ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.
ფოტოგამოფენა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.