აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს. დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის მამული, 1909 წელი.
„1887 წლიდან 1895 წლამდე ნიკო მუდმივად ცხოვრობდა დიდ ჯიხაიშში. აქ ხშირად იყრიდნენ თავს იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, გიორგი ჭალადიდელი, ილია ხონელი, მამია გურიელი, იაკობ ფარცხავა, იონა მეუნარგია, გიორგი ზდანოვიჩი და სხვები. ნიკოს ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე აკაკი წერეთელი.
აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხაიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის - გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში. ხან გავლით მიდიოდა, ხან ნიკოს ჩამოყავდა, ხანდახან კი 3-4 დღეს დარჩებოდა და შემდეგ გაემგზავრებოდა ხოლმე ფოთში, ქუთაისსა და ხონში.
აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მან ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო“.
აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958 წ.
ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ფოტოკოლექციაში. გამოფენილი იყო ნიკო ნიკოლაძის 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.