საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „აკაკი შანიძე – 135“ ქართველი ენათმეცნიერის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიცია აერთიანებს ეროვნული არქივის სხვადასხვა კოლექციაში, მათ შორის აკაკი შანიძის პირად ფონდში დაცულ საინტერესო ფოტოებს, წერილობით დოკუმენტებს, ისტორიულ საბუთებსა და ხელნაწერებს. ექსპონატებს შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების, საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ უცხოეთის მწიგნობრულ კერებში მოწყობილი სამეცნიერო მივლინებებისა და ექსპედიციების ამსახველი მასალა და მრავალი სხვა.
გამოფენაზე, რომელსაც საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული დამთვალიერებელი გაეცნობა აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპებს; იმ ღვაწლს, რაც მეცნიერს საქართველოში არაერთი სამეცნიერო მიმართულების განვითარებაში მიუძღვის.
ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 6 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.