დღეს არქივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შენობის წინ გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოსა და საზღვარგარეთის არქივებში დაცული მასალები.
„გადავწყვიტეთ, დღევანდელი დღე ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აღგვენიშნა, ამიტომ ღონისძიებისათვის შევარჩიეთ ღია სივრცე არქივის შენობის წინ. აქ ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთის არქივებში ინახება და ეროვნული არქივის მასალები, რომლებიც მას საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიასთან ასახავს“, - აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა .
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. ეროვნული არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოსთან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებთან. თანამშრომლობის შედეგად საარქივო უწყებებს შორის დოკუმენტების ასლების გაცვლა მიმდინარეობს, რითაც, ერთი მხრივ, მდიდრდება საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდი და, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ეროვნულ არქივში დაცული მასალები.
აღსანიშნავია, რომ არქივების საერთაშორისო საბჭომ არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ საიტზე - www.ica.org შექმნა სპეციალური გვერდი, რომელზეც განთავსდა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების არქივებში დაცული დოკუმენტები. საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან აქ განსათავსებლად შეირჩა ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, რომელიც 2013 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.