ოქტომბერი 548
en

"33 1/3 - ქართული ესტრადა" - ეროვნული არქივის ახალი აუდიოპროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთი აუდიოპროექტი განახორციელა - „33 1/3 - ქართული ესტრადა“, რაც ფონოარქივში დაცული ქართული საესტრადო მუსიკის აუდიოჩანაწერების ინტერნეტში გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

„33 1/3 - ქართული ესტრადა“ ქართული მუსიკის მოყვარულებს გაახსენებს მე-20 საუკუნის 60-80-იანი წლების ქართულ საესტრადო სიმღერებს, რომლებიც გრამფირფიტებზე გამოიცემოდა და ამჟამად არქივის საცავებში ინახება. შემსრულებლებს შორის არიან: ნანი ბრეგვაძე, სულიკო კოროშინაძე, გიული ჩოხელი, ნუნუ გაბუნია, ეთერ გვაზავა, ციცინო ციცქიშვილი, მარეხ გოძიაშვილი; ასევე მუსიკალური ჯგუფები: „დიელო“, „ორერა“, „რერო“, „ივერია“, „ვია 75“, „ცისფერი ტრიო“, „თეატრონი“, აფხაზური ანსამბლი „აფსილა“.

პროექტისათვის „33 1/3 - ქართული ესტრადა“ შეირჩა 40 სიმღერა, რომლებიც ციფრულ მატარებელზე გადატანის შემდეგ www.soundcloud.com-ის არქივის ოფიციალურ არხზე განთავსდა. ჩანაწერები ხელმისაწვდომია, აგრეთვე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  www.archives.gov.ge.

ეროვნულ არქივს დღემდე განხორციელებული აქვს სამი აუდიოპროექტი - „ქართული ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“, „უცხოური ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ და „ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიობიბლიოთეკა“. მათ მსგავსად, ახალი პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული საესტრადო სიმღერების მოსმენაც ყველა დაინტერესებული პირისათვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი.