საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივმა 2010 წლის 6 თვეში მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე 10 920 საარქივო ცნობა გასცა. ამასთან, პასუხი გაეცა საარქივო დოკუმენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციიდან და საზღვარგარეთიდან შემოსულ 300-მდე შეკითხვას.
ამავე პერიოდში ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების შესწავლაზე ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში 200-მდე მკვლევარი მუშაობდა, მათ შორის 14 უცხოელი იყო (აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, ჩეხეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის მოქალაქეები).
მკვველარები დაინტერესებულნი იყვნენ შემდეგი თემებით: საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველოს-ირანის, საქართველო-პოლონეთის ისტორიული ურთიერთობები; სავაჭრო ურთიერთობა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში; მეფის რუსეთის პოლიცია კავკასიაში; მუსულმანების მმართველობა კავკასიაში კავკასიელი ბავშვების განათლება; ჩერქეზი ხალხის გენოციდი და ა.შ.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.