საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2009 წლის განმავლობაში 30 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა.
საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან შარშან 29 332 თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა გაიცა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხებით.
ამავე პერიოდში ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების შესწავლაზე ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში 300-მდე მკვლევარი მუშაობდა.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.