ოქტომბერი 548
en

20 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 20 სექტემბერს, 10:00 საათზე გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

სამდღიანი კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება.

ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

კონფერენციის პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც.

ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.