აგვისტო 595
en

1918-1921 წლების საქართველო საარქივო მასალებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 21-22 თებერვალს, ოკუპაციის დღეებთან დაკავშირებით,  გამართავს საჯარო ლექციას „1918-1921 წლების საქართველო საარქივო მასალებში" და წარადგენს ემიგრანტ ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძის წიგნად გამოცემულ მოხსენებას, რომელიც პირველად დაიბეჭდა. ღონისძიება 17:00 საათზე გაიხსნება.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება "საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან - ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი" 1921 წლის სექტემბერშია დაწერილი და მოიცავს თვითმხილველის მიერ საქართველოში ბოლშევიკების ბატონობის პირველი ექვსი თვის დეტალურ აღწერას. დოკუმენტი აქამდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისთვის, იგი ინახებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის ჰარვარდისა და ლევილის კოლექციებში და საზოგადოებისათვის ახლა  გახდა ხელმისაწვდომი.

საჯარო ლექციაზე მოხსენებით წარსდგებიან ისტორიკოსები: დიმიტრი შველიძე, ანტონ ვაჭარაძე, ბექა კობახიძე, დიმიტრი სილაქაძე,  ბონდო კუპატაძე, რომლებიც ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: „არქივში დაცული წყაროების მნიშვნელობა საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორიის შესწავლისათვის“, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის საარქივო მასალის შესწავლის პერსპექტივები“, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დიდი ბრიტანეთის არქივში დაცული დოკუმენტების პრეზენტაცია“, „ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს ოკუპაციის ამსახველი მასალები“ და „საქართველოს ცენტრალური არქივის მასალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ“.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური ფილმის „საბჭოთა საქართველო“ ფრაგმენტები.