ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, 2015 წლის 8-დან 28 მაისამდე გაიმართა ფოტოგამოფენა „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“.
ექსპოზიცია ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ და ქართულ-ევროპული ურთიერთობებსს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარდგენილი 145 ფოტო მოგვითხრობს ისტორიას ადამიანებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც დროს გაუძლო ცარიზმის, დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ეპოქაში. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.