აპრილი 548
en

საჯარო ლექცია „100 წელი „სამხედრო ცენტრის“ 15 ოფიცრის დახვრეტიდან“

 

საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული ძალებისაგან შემდგარი „სამხედრო ცენტრის“ ოფიცრების დახვრეტიდან 2023 წლის 21 მაისს 100 წელი სრულდება. ამ თემას მიეძღვნება საჯარო ლექცია, რომელიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 23 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ეროვნულ-პატრიოტული ძალები  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად სხვადასხვა გეგმას ამუშავებდნენ, მათ შორის იყო შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება. ამ მიზნით საქართველოში მოქმედი შეიარაღებული რაზმები გაერთიანდნენ „სამხედრო ცენტრი“ ჩამოაყალიბეს.

ორგანიზაციის ფუნქცია მისთვის მიწოდებული სამხედრო ხასიათის ინფორმაციის დამუშავება იყო. „საქართველოს საგანგებო კომისიამ“ და „ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ“ „სამხედრო ცენტრის“ საქმიანობის შესახებ აგენტურული ინფორმაცია მოიპოვეს. შედეგად, 15 ქართველი ოფიცერი დააპატიმრეს და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს. ქართველმა ოფიცრებმა დახვრეტის წინაც სამაგალითო გმირობის მაგალითი აჩვენეს.

ლექციის მიზანია დამსწრე საზოგადოებას „სამხედრო ცენტრის“ ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

ლექციას წარუძღვებიან საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები: დიმიტრი სილაქაძე და ლევან ჯიქია. საუბრის თემა იქნება: საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება; საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები (დემონსტრაციები, პროკლამაციები, ლოკალური აჯანყებები); საქართველოში იატაკქვეშეთში მყოფი ეროვნული ძალების კოორდინაცია ემიგრანტული მთავრობის წევრებთან;  სირთულეები და წინააღმდეგობები „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ („დამკომის“) ჩამოსაყალიბებლად; „დამკომის“ ორგანიზაციების, მათ შორის „სამხედრო ცენტრის“, შექმნის მიზანი და საქმიანობის პრინციპი; „საქართველოს საგანგებო კომისიასა“ („საქჩეკა“) და „ამიერკავკასიის საგანგებო კომისიას“ („ზაკჩეკა“) შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი აგენტურული მუშაობის მასშტაბები; „სამხედრო ცენტრის“ წევრების დაპატიმრების, დაკითხვისა და დახვრეტის გახმაურებული თუ გაუხმაურებელი დეტალები. 

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის გამზ. #40, ეროვნული არქივის კინოთეატრი. 

დასწრება თავისუფალია.