დეკემბერი 548
en

იუსტიციის სამინისტროს 8-წლიანი მუშაობის შედეგები - ეროვნული არქივის განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი სერვისები

 

„2013 წლიდან დაიწყო ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განახლება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო ათწლეულებში პირველად, მასშტაბური პროექტები განხორციელდა“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს 8-წლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა. 

კერძოდ:

 პირველი რეგიონული არქივის შენობა რუსთავში აშენდა და 2015 წელს გაიხსნა; 

 2015 წელს თელავში გაიხსნა კახეთის რეგიონული არქივის შენობა, რისთვისაც მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა;

 2016 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა რეგიონული არქივის შენობა  ზუგდიდში; 

 იმავე წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ეროვნული არქივის შენობას ფოთში;

 2017 წელს აშენდა ახალი რეგიონული არქივის შენობა ქუთაისში; 

 2019 წელს შიდა ქართლის რეგიონული არქივის შენობის პროექტი მომზადდა; 

 მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება ახალციხეში რეგიონული არქივის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია;

1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის. ამიტომაც აშენდა და 2016 წელს თბილისში გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, რომელშიც, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგამოფენო სივრცესთან ერთად, განთავსებულია მედიათეკა, ეროვნული არქივის ბრენდული პროდუქციის მაღაზია და კაფე. მაღაზიაში შესაძლებელია საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული წიგნების, ბლოკნოტების, პოსტერებისა და სხვა ბრენდირებული პროდუქციის შეძენა, ხოლო კაფეში - წიგნებითა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა; 

- 2017 წელს გაიხსნა მკვლევართა ახალი დარბაზი; 

- 2018 წელს გაიხსნა ეროვნული არქივის ახალი კინოდარბაზი, სადაც კინოფესტივალები, საარქივო და თანამედროვე კინოჩვენებები იმართება; კინოდარბაზი გაიხსნა 1934-1935 წლებში გადაღებული ერთ-ერთი პირველი ქართული ანიმაციური ფილმის - „არგონავტები - კოლხიდა“ ჩვენებით (ავტორი ლადო მუჯირი, მხატვარი - ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტორი - შალვა აზმაიფარაშვილი). 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი კინოთეატრია, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც არის შესაძლებელი. ვინაიდან საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია (აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი), კინოდარბაზის ფუნქციაა ამ მემკვიდრეობის საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა თაობისათვის ჩვენება და პოპულარიზაცია;

2014 წელს განახლდა დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია. 2013-2020 წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 142 ათასამდე ფურცელს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელშეწყობითა და სვანეთის თვალსაჩინო წარმომადგენელთა პირადი ჩართულობით, 2020 წელს შესაძლებელი გახდა XII საუკუნის უნიკალური ოთხთავის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულიდან ეროვნული არქივის ლაბორატორიაში გადმოტანა და რესტავრაციის დაწყება. ოთხთავის კონსერვაცია/რესტავრაციის სამუშაოები 2021 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის კვლავ სვანეთს დაუბრუნდება.   

2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს საარქივო დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატზე გადატანა - დასკანერდა 7 მილიონამდე გვერდი, 2950 კინოდოკუმენტი, 47000-მდე ფოტო, 900-მდე საათის ხანგრძლივობის აუდიოჩანაწერი. 

2018 წელს არქივმა 4K გაფართოების კინოსკანერი შეიძინა, რომელიც საქართველოში ერთადერთია. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში პირველად გახდა შესაძლებელი კინოფირის მაღალი ხარისხით გაციფრება. 

ელექტრონული სერვისების განვითარების მიზნით, დაიწყო საძიებო სისტემის დახვეწა. შემუშავდა დოკუმენტების საძიებელი 5 ვებპროგრამა: საეკლესიო ჩანაწერების (მეტრიკული წიგნების) საძიებელი; საკომლო ჩანაწერების საძიებელი; ეროვნული არქივის ფონდების კატალოგი; პირველი რესპუბლიკის დოკუმენტების კატალოგი; თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის კატალოგი. 2020 წლიდან ხელმისაწვდომი ხდება კიდევ 3 ვებპროგრამა: ძველი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ბაზა; გერმანია-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტების კატალოგი; კინოდოკუმენტების კატალოგი. 

2013-2020 წლებში ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებით 14 374 მკვლევარმა ისარგებლა, მათ შორის 821 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

2013-2020 წლებში მოქალაქეებზე 404 426 ცნობა გაიცა, ხოლო 2016 წლიდან, მხოლოდ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის მომართვის საფუძველზე და მოქალაქეების ინტერესში, საკუთრების შესახებ 426 150 ცნობა მომზადდა. 

2013 წლიდან მიმდინარეობს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია - 14 მუნიციპალური არქივი გაერთიანდა შესაბამის რეგიონულ არქივთან, ხოლო 25 მუნიციპალიტეტში არქივის ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნა. 

2013 წელს ეროვნულ არქივში შეიქმნა სამეცნიერო განყოფილება, მომდევნო წლებში კი თანმიმდევრულად დაიწყო აქტიური სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით, 2020 წლის აპრილიდან შესაძლებელია საარქივო ცნობის ონლაინ მიღება, my.gov.ge ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით.