თბილისის დინამო - კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი
1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში, Patinoire de Geneve მოედანზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში თბილისის „დინამოს“ კალათბურთელებმა ანგარიშით 90:83 გაიმარჯვეს მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდზე და ევროპის ჩემპიონთა თასს დაეუფლნენ.
სწორედ ამ გამარჯვებას მიეძღვნა გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. ქართული სპორტის ისტორიაში ამ გამორჩეულ თარიღზე ისაუბრეს: კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, კალათბურთელებმა: შიო ხეცურიანმა, ვატო ნაცვლიშვილმა, ალექსანდრე კაზანჯიანმა, სერგო მაღალაშვილმა, ნოდარ ქორქიამ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი გორგოძემ და სხვებმა.
გამოფენაზე წარმოდგენილია 1961-1962 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ამსახველი ფოტო და კინომასალა, საგაზეთო პუბლიკაციები და წერილობითი დოკუმენტები.
ექსპოზიციის ორგანიზებაში ეროვნულ არქივს დახმარება გაუწის: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, შს სამინისტროს არქივმა, გოგი თორაძემ, დემიკო ლოლაძემ, დავით ჭელიძემ და დავით ტურაშვილმა.
გამოფენა 24 ივლისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.