ოქტომბერი 548
en

მიზანი და ხედვა

საისტორიო ცენტრალური არქივის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა აქ დაცული მასალის სათანადო შენახვა,  დაცვა-აღრიცხვა, დაზიანებული დოკუმენტების გამოვლენა და გადაცემა სარესტავრაციოდ.

  • დაცვის თვალსაზრისით  არქივში მეორე წელია მიმდინარეობს დოკუმენტების დიგიტალიზაცია. თავდაპირველად დაგეგმილია მომზადდეს  ძველი საბუთების და ყველაზე  გამოყენებადი ფონდების ელექტრონული ვერსიები. დიგიტალიზაციის შედეგად  დოკუმენტთან შეხება მაქსიმალურად შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას;
  • დოკუმენტების აღრიცხვა წარმოებს საარქივო წესების დაცვით. ფონდებზე  იქმნება და ზუსტდება აღწერები.  თითოეულ დოკუმენტზე, თემატიკიდან გამომდინარე, დგება ბარათი;
  • დიგიტალიზაციის პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარეობს დოკუმენტების ელექტრონული აღრიცხვა სპეციალურ საერთაშორისო პარამეტრებთან თავსებად პროგრამაში;
  • საისტორიო ცენტრალური არქივი ეტაპობრივად ავლენს დოკუმენტებს მათი დაზიანების ხარისხის  მიხედვით და გადასცემს ლაბორატორიას. ლაბორატორიაში უახლესი მეთოდებით ხდება დოკუმენტების აღდგენა, რესტავრაცია, გამაგრება და სხვა.

მოქალაქეთა საცნობარო მომსახურება:

  • საქართველოში იუსტიციის სახლების გახსნით და  მოქალაქეთა  პირველადი მომსახურების გადატანით გაიზარდა, საისტორიო ცენტრალური არქივის დოკუმენტების საფუძველზე, სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების მიღების მსურველთა რაოდენობა (სოციალურ-უფლებრივი ხასიათის დოკუმენტები გულისხმობს მეტრიკულ ჩანაწერებს - დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების შესახებ). გარდა ამ ტიპის განცხადებებისა, არქივში შემოდის თემატური შეკითხვები. თანამშრომლებს  ევალებათ დადგენილ ვადაში ხარისხიანად შეასრულონ მოთხოვნა;
  • საისტორიო ცენტრალურ არქივში ფუნქციონირებს მკვლევართა დარბაზი, სადაც მკვლევარები  სხვასხვა თემაზე მუშაობენ. მკვლევართა ინტერესი საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების მიმართ საკმაოდ დიდია, რასაც განაპირიბებს მასალის მრავალფეროვნება.

მოქალაქეთა დაინტერესება არქივის დოკუმენტებით და სამეცნიერო მუშაობის განვითარება:

  • მოქალაქეთა დაინტერესება არქივის დოკუმენტებით განისაზღვრება მათი  აქტივობებით, რომელსაც არქივი ახორციელებს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციიებთან ურთიერთობის განყოფილებასთან თანამშრომლობით. არქივი ტელე და რადიომაუწყებლობის  საშუალებით ამზადებს  სიუჟეტებს და ფართო საზოგადოებისათვის საინტერესოს ხდის არქივის მუშაობასა და ფუნქციონერობას;
  • არქივი აპირებს განახორციელოს ფართომასშტაბიანი კვლევა-ძიება, რომელშიც ჩაერთვებიან არამხოლოდ თანამშრომლები, არამედ მკვლევარებიც. ამ ტიპის სამუშაო  უნდა მოიცავდეს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: მასალის დამუშავება-გამოვლენა; სხვა არქივებში დაცული დოკუმენტების იდენტიფიკაცია-პუბლიკაცია. ამ კუთხით საისტორიო ცენტრალურმა არქივმა უკვე განახორციელა პრაქტიკული სამუშაოები და კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას.