სექტემბერი 548
en

ძველ საბუთთა განყოფილება

საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში თავმოყრილი მასალ IX-XIX საუკუნეებს მოიცავს.

განყოფილებაში დაცულია როგორც ხელნაწერი  წიგნები,  ასევე, ისტორიული დოკუმეტების დედნების და პირების კოლექციები, საქართველოს-იმერეთის სინოდის კანტორის რეგისტრები, სპარსული, თურქული, არაბული, პოლონური, რუსული დოკუმენტთა კოლექციები,  1832 წლის შეთქმულების  მასალები, ისტორიული ძეგლების ფოტოსურათებისა და ისტორიული ცნობების კოლექცია, აგრეთვე, გამოჩენილი მოღვაწეებისა და სასულიერო პირთა  პირადი ფონდები. ძველ საბუთთა განყოფილებაში  ინახება ცხრამეტი  ფონდი - 33890 საბუთით. 

ყველაზე მნიშვნელოვანია ძველ საბუთთა დედნების კოლექცია ( ფონდი N1448), რომელიც XI-XIX საუკუნეების 10956 დოკუმენტს მოიცავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძველ საბუთთა პირების კოლექცია (ფონდი N1449), რომელშიც ამავე პერიოდის დოკუმენტები სხვადასხვა დროს არის გადაწერილი დედნებიდან სხვადასხვა პირის მიერ.

1923 წელს საისტორიო არქივში შეიქმნა ძველი ხელნაწერი წიგნების ფონდი (N1446). ხელნაწერი  წიგნები უმთავრესად გროვდებოდა ეკლესია-მონასტრებიდან და კერძო პირთაგან. პროფესორმა შალვა ჩხეტიამ მოსკოვის საისტოიო არქივიდან, რუმიანცევის მუზეუმიდან, ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობისა და სანქტ-პეტრებურგის აზიის ხალხთა ინსტიტუტებიდან ჩამოიტანა არაერთი ძვირფასი ხელნაწერი და ისტორიული დოკუმენტი. ხელნაწერ წიგნთა კოლექციაში დაცული მასალა მოიცავს XI-XIX საუკუნეების წიგნებს. დოკუმენტები, ძირითადად, შედგენილია ქართულ ენაზე, თუმცა  არსებობს  რუსულ, სპარსულ, თურქულ და ებრაულ ენაზე შესრულებული წიგნებიც. 

ძველ საბუთთა განყოფილების  დოკუმენტების ძირითადი ნაწილი სესრულებულია ქაღალდზე, ნაწილი კი -  ეტრატზე. ჭარბობს მხედრული და ნუსხური დამწერლობა, მცირე რაოდენობით გვხვდება ასომთავრულიც.

მნიშვნელოვანია ისტორიკოსთა და სასულიერო პირთა პირადი ფონდები: კათალიკოს პატრიარქ კირიონ II-ის, პოლიევქტოს კარბელაშვილის, ლეონიდე  ოქროპირიძის, ალექსანდრე ოქროპირიძის, თედო ჟორდანიას, იოსებ ფურცელაძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა.

ზემოხსენებულ მასალაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ  ცნობილი  ისტორიკოსები და მეცნიერები: ალექსანდრე ხახანაშილი, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშილი, სარგის კაკაბაძე, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ბოჭორიძე, შალვა ჩხეტია, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვები.

 ამჟამად, განყოფილებაში მიმდინარეობს  ფონდების დიგიტალიზაცია, რაც უფრო გაამარტივებს დოკუმენტებზე წვდომას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს  მათ  დაცვას.