დეკემბერი 548
en

თელავში კახეთის რეგიონული არქივი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა თელავში დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - კახეთის რეგიონული არქივის - შენობა გახსნეს.

ახალი შენობის გახსნისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „2015 წელი იუსტიციის სამინისტროსთვის არის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. ეს წელი ჩვენ დავიწყეთ კახეთის რეგიონის არქივის გახსნით. თქვენ იცით, რომ ეროვნული არქივი ინახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მეხსიერებას, ისტორიულ დოკუმენტებს, უფრთხილდება მათ და უნახავს მომავალ თაობებს. ამიტომ გადავწყვიტეთ,  წელს სამ რეგიონს - კახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელოს - მივცეთ თანამედროვე ტიპის საცავები, თანამედროვე შენობები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები შეინახავს ისტორიულ მეხსიერებას. კახეთისთვის ეს შენობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ძველი საბჭოთა ინტერნატის შენობა გადავაკეთეთ,  ახლა მასში არის მკვლევართა დარბაზი და, რაც ძალიან სასიამოვნოა ამ რეგიონისთვის, მუდმივი საგამოფენო დარბაზებიც“.

„კახეთის რეგიონულ არქივში განთავსდება დოკუმენტები 1921 წლიდან დღემდე. ის მასალა, რომელიც აქამდე რვა რაიონის სხვადასხვა არქივში იყო დაცული, ამიერიდან აქ იქნება თავმოყრილი. აქამდე არც ერთ რეგიონში მსგავსი შენობა არ გვქონია. პირველი შემთხვევაა, როცა რეგიონს ერთი მთლიანი შენობა მოემსახურება“, აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

ეს იქნება თელავის კიდევ ერთი ლამაზი შენობა, რომელშიც შეინახავენ  კახეთის ბოლო ასწლეულის დოკუმენტურ მეხსიერებას. ამავდროულად, კახეთის არქივი რეგიონში კულტურული ღონისძიებების კიდევ ერთი მასპინძელი გახდება.

შენობაში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საცავები, რომლებშიც  დაცულია როგორც უსაფრთხოების ზომები, ისე დოკუმენტების შენახვის პირობები.

არქივის სამსართულიან შენობას ბოლო ექვს თვეში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.  დოკუმენტების საცავებისა და სამუშაო ოთახების გარდა, შენობაში მოეწყო საგამოფენო და სამკითხველო დარბაზი. პირველი გამოფენა ღვინისა და ვაზის თემას ეძღვნება.

შენობის ფოიეში განთავსდა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილია კახეთის რეგიონთან დაკავშირებული უძველესი ხელნაწერები და საბუთები, ასევე კახეთის რეგიონის ხედები და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლის ფოტო.

კახეთის რეგიონულ არქივში განთავსდება თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის არქივის დოკუმენტები.

კახეთის რეგიონში პირველი საარქივო დაწესებულება 1930 წელს თელავში გაიხსნა. ის, ასევე, მოიცავდა ახმეტისა და ყვარლის საარქივო ბიუროებს. 1935 წელს შეიქმნა სიღნაღის რაიონული არქივი ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საარქივო განყოფილებებით. 1937 წელს   გურჯაანშიც ჩამოყალიბდა არქივი, რომელსაც დაექვემდებარა საგარეჯოს საარქივო განყოფილება.

ეტაპობრივად,  ყველა საარქივო განყოფილება რაიონულ არქივად ჩამოყალიბდა და ათწლეულების განმავლობაში კახეთის მხარეში 8 რაიონული არქივი ფუნქციონირებდა. 2010 წლიდან ყველა რაიონული არქივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ დაექვემდებარა.