დეკემბერი 548
en

მეფე ერეკლე II-ის წერილი 5 წლის ქალიშვილს - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მეფე ერეკლე მეორის ლაშქრობიდან გაგზავნილი  წერილი 5 წლის ქალიშვილისადმი. 

„თეკლას, მამისა და დედის სიხარულს. ... ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი“.

 მეფეს შვილის გასახარად წერილი ყველა სამეფო ბეჭდით დაუბეჭდავს. სწორედ ამან შემოგვინახა ხუთენოვანი ბეჭედი ლეგენდით „ერეკლე“ ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

„თეკლა ბიჭსა
თეკლას, მამისა და დედის სიხარულს. მადლი, წყალობა და მშვიდობა ღვთისა მიერ და ღვთისმშობელისა მიერ და დიდისა მოწამისა ევსტათი საკვირველმოქმედისაგან. სამარადისოდ განმრავლდეს მის ზედა.

თეკლუნავ (?) ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტის სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არ შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნება იქნება, ჩვენც წამოვალთ“.

დეკემბრის კთ, ქორონიკონს უჲთ (29 დეკემბერი, 1781 წელი).

წერილი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველი საბუთების დედნების კოლექციაში (1448/189)

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.