დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის საქმიანობა 2011 წელს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2011 წელს გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა. ამ პერიოდში საქმიანობის მთავარი მიმართულებები იყო: ეროვნული საარქივო ფონდის ხელმისაწვდომობის გაზრდა; დოკუმენტების რესტავრაცია; ფონდების გამდიდრება; გამოფენების ორგანიზება; საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება; დოკუმენტების დაცვისა და შენახვის პირობების გაუმჯობესება; ელექტრონულ კატალოგებზე მუშაობა. 
წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეროვნული არქივის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებით სარგებლობის მსურველი მოქალაქეების რიცხვი, რამაც 50 000-ს გადააჭარბა. 2011 წელს ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზებში იმუშავა 500-მდე მკვლევარმა, მათ შორის 48 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. სიახლე დაინერგა მოქალაქეთა მომსახურებაში - ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა ფოტოსაძიებო სისტემა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სასურველი ფოტოს შერჩევა. 
2011 წელს გაღრმავდა ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. ეროვნულ არქივს ეწვივნენ დელეგაციები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ფინეთი ეროვნული არქივი; სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ინსტიტუტი; ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტი; ესტონეთის სახელმწიფო არქივი; პოლონეთის სახელმწიფო არქივი; აშშ-ის ჰოლოკოსტის მუზეუმი; სომხეთის ეროვნული არქივი. 
2011 წელს გაიმართა გამოფენები: ვარშავა - ოთხი საუკუნე, ოთხი პანორამა; დავით გარეჯის ისტორიული დოკუმენტები; ლესია უკრაინკა და საქართველო; სესილია – 105 (ბათუმსა და თბილისში) ძველი და თანამედროვე ბათუმი; საეკლესიო მოხატული ხელნაწერები; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ტალინში.  
ბოლო წლის განმავლობაში გამოიცა: საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები, სადაც შესულია ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის დოკუმენტების მინიატურები; დავით გარეჯის ისტორიული დოკუმენტები; დაწესებულებათა არქივების გზამკვლევი; XVI საუკუნის გულანის მინიატურების ალბომი; 2012 წლის კალენდარი. 
აქტიურად მუშაობდა დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია. რესტავრირებულია 41 000-ზე მეტი ფურცელი, 3 670 ფოტო, აფიშები, ნახაზები და სხვ. მათ შორისაა: გიორგი II-ის შეწირულების წიგნი (XI საუკუნე), ეფრემ ასური და ლავსაიკონი (XVIII საუკუნე), ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომები, ია კარგარეთელის ფონდი და ა.შ. 

ეროვნული საარქივო ფონდი გამდიდრდა მნიშვნელოვანი მასალებით, მათ შორისაა: 2000-მდე საეკლესიო მეტრიკული წიგნი; სამაჩაბლოსთან დაკავშირებული XIX საუკუნის საბუთები; კინოდოკუმენტები: „ბაქოს ნავთობჭაბურღილები“ (1908 წელი); ოპერისა და ბალეტის თეატრის მასალები; 700 ცალი ფოტონეგატივი, რომელიც XX საუკუნის 50-80-იანი წლების კულტურულ პროცესებს ასახავს. 2011 წელს ეროვნულ არქივში შესული დოკუმენტების რაოდენობა 22 000-ზე მეტია. 
განხორციელდა ან დაიწყო ერთობლივი საერთაშორისო პროექტები: ძმები ნობელების ისტორიის შემსწავლელი პროექტი; ვასილ ამაშუკელის 1908 წლის კინოკადრების მოძიება და გადმოცემა აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდიდან; II ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ამსახველი მასალის ასლების გაცვლა ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტთან;  პოლონურ ორგანიზაციასთან  „Fიგჰტინგ შოლიდარიტყ“ თანამშრომლობა ალბომის „უცნობი საქართველო“ გამოცემის საკითხზე. 
2012 წელს ეროვნული არქივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: დოკუმენტების და კატალოგების დიგიტალიზაცია; საერთაშორისო პროექტების განხორციელება; საარქივო მასალებზე დაყრდნობით თემატური გამოცემების მომზადება; სიახლეების დანერგვა მოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში და სხვ.