დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში რისმაგ გორდეზიანი საჯარო ლექციას წაიკითხავს

23 იანვარს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის მოწვევით, აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი რისმაგ გორდეზიანი წაიკითხავს ლექციას თემაზე „ძველი ბერძნული თეატრი“. 

ძველი ბერძნული თეატრი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფენომენს წარმოადგენს. კლასიკურ ათენში განისაზღვრა დრამის, როგორც კომპლექსური ჟანრის, განვითარების უმთავრესი მიმართულებები, რომელთაც უდიდესი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს თეატრალური ხელოვნების ფორმირებაზე. ანტიკურ საბერძნეთში შეიქმნა არა მარტო გენიალური ტრაგედიები, კომედიები, მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოებები, არამედ დრამის თეორიაც. თეატრს ძველ საბერძნეთში ჰქონდა ჭეშმარიტად დემოკრატიული ხასიათი, რადგან თეატრალურ ფესტივალებზე დრამატულ წარმოდგენათა გამართვისთვის განკუთვნილი ნაგებობები იტევდა ათასობით მაყურებელს, ფაქტობრივად, მთელი ქალაქის მოსახლეობას. 700-მდე თეატრში, რომლებითაც მოფენილი იყო ანტიკური სამყარო, სულ ცოტა 7 000 000-მდე დასაჯდომი ადგილი იყო, რაც ბევრად აღემატება თანამედროვე ევროპის ყველა ქვეყნის თეატრებში არსებულ დასაჯდომ ადგილთა მთლიან რაოდენობას. უმაღლეს დონეზე იყო თეატრის არქივის ორგანიზაციის საკითხი, რის წყალობითაც დღეს ჩვენ საკმაოდ სრული ინფორმაცია გვაქვს თეატრებში დადგმული სპექტაკლების, ავტორებისა და პრემიერების თარიღთა შესახებ.

საჯარო ლექციები ეროვნული არქივის კინოდარბაზში თვეში ერთხელ იმართება. დასწრება თავისუფალია.