დეკემბერი 548
en

2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 2010 წლის 1 იანვრიდან დაჩქარებული მომსახურება დაინერგება. 
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების აქამდე არსებული წესის მიხედვით მომხმარებელთა მომსახურებისათვის დაწესებული იყო 10-დღიანი ვადა. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ  საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მოემსახურება განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს. ჩვეულებრივ ვადაში მომსახურებისათვის ტარიფები უცვლელი რჩება, დაჩქარებული მომსახურებისათვის კი დამატებული საფასური მინიმალური იქნება.
დაჩქარებული მომსახურების შემოღება მომხმარებელთა ინტერესებს ემსახურება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ხშირად ესაჭიროებათ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევა უფრო მცირე დროში. საკანონმდებლო ცვლილება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს,  გააკეთონ მათთვის ხელსაყრელი არჩევანი.
ამასთან, 2010 წლის იანვრიდან ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს გაუწევს წიგნების, დოკუმენტებისა თუ ფერწერული ნამუშევრების სარესტავრაციო მომსახურებას.
საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა. 
ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი სახიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.