დეკემბერი 548
en

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ეროვნულ არქივში

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორი სეიედ ალი მოუჯანი, ასევე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა კამრანფარდი ეწვივნენ. სტუმრები ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს, შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთობლივი კატალოგის მომზადებას, რომელშიც თავმოყრილი იქნება, ერთი მხრივ, საქართველოში დაცული სპარსული დოკუმენტების, მეორე მხრივ კი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაცული ქართული ან საქართველოს შესახებ არსებული საბუთების აღწერილობები. კატალოგი მომზადდება ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე და  იუნესკო-ს ეგიდით 2016 წელს გამოიცემა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის განხორციელებამდე საქართველოს ეროვნულ არქივსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ცენტრს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უწყებებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება. ახალი კატალოგის გამოცემა ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს, მოიძიონ და შეისწავლონ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული ქართული ან საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტები.

დაიგეგმა ერთობლივი გამოფენის ორგანიზებაც, რომელიც თბილისსა და თეირანში გაიმართება და მათზე წარმოდგენილი იქნება კატალოგში შესული დოკუმენტებიდან ყველაზე გამორჩეული მასალების ასლები.  

დღესვე სტუმრები გაეცნენ ეროვნულ არქივში  სპარსული საბუთების კოლექციაში  დაცული დოკუმენტების ნაწილს. კოლექცია XVI-XX საუკუნეებით თარიღდება, მთლიანობაში იგი   შაჰის ფირმანებია, ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, არზები შაჰის რეზოლუციით და სხვ.