დეკემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინოკადრების მაღალი ხარისხის ელექტრონული ასლი შექმნა

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის  ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა.

სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა.

კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს რუსეთში, მოსკოვში, გარდაიცვალა. მისი ფერფლი საქართველოში ჩამოასვენეს და 1933 წლის 29 აპრილს ოპერის თეატრის ეზოში დაკრძალეს.

საკუთარი თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის გამოსვენებასა და დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები: ალექსანდრე წუწუნავა, ნიკოლოზ შენგელაია, ვასო გოძიაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, დოდო ანთაძე, ცეცილია წუწუნავა, ლადო გუდიაშვილი, პეტრე ოცხელი, ლეო ესაკია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვები.

სტუდია „მემატიანემ“ ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, უახლოეს მომავალში ეროვნულ არქივში კინოკადრების ციფრული რესტავრაცია იგეგმება.