დეკემბერი 548
en

დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებით ეროვნული არქივი მდიდარ მასალას ინახავს

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი მის შესახებ დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის. 
დიმიტრი ყიფიანი 1814 წელს დაიბადა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი. 
იგი მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების დაარსებაში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 
1886 წელს დიმიტრი ყიფიანმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა საქართველოს  ეგზარხოს პავლეს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის გამო ქართველი ერი დაწყევლა. 
ყიფიანი თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით, მძინარე მოკლეს. 
ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის პროცესი დემონსტრაციაში გადაიზარდა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. 
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოსათვის წამებული დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. 
ეროვნული არქივი ინახავს 1932 წლის შეთქმულების მონაწილეობისათვის დიმიტრი ყიფიანის გასამართლების საქმეებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების დაფუძნების შესახებ მის მიმოწერას, ამავე საზოგადოების სხდომის ოქმებს, რომელსაც დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა. 
ეროვნულ საარქივო ფონდშია დიმიტრი ყიფიანის წერილი ეგზარხოს პავლესადმი და რუსული მთავრობის რეაქცია ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მისი სტავროპოლში გადასახლების შესახებ და სხვ. 
ეროვნულ არქივში დაცულია, აგრეთვე, შექსპირის „ვენეციელი ვაჭარის“ დიმიტრი ყიფიანისეული თარგმანი, ავტოგრაფი. 
ცნობილია, რომ დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ აკაკი წერეთელმა მას ლექსი „განთიადი“ უძღვნა. ფონოარქივი ინახავს ამ ლექსის ფონოჩანაწერს, წაკითხულს თავად აკაკი წერეთლის მიერ.