ოქტომბერი 548
en

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა ელექტრონული საძიებელი შეიქმნა

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას დედაენის დღეს პროექტის ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წარუდგინა.

ღონისძიება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

ვებპროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანებული 15 ათასზე მეტი ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემს.

ელექტრონულ საძიებლის ხილვა შესაძლებელია ეროვნული არქივისა (http://archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/) ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.  

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ელექტრონული კატალოგი მომზადდა ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით.

პროექტის პრეზენტაციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იყო საზოგადოების საარქივო მასალის ორიგინალები.