მარტი 548
en

უკრაინის საისტორიო არქივმა საქართველოს ეროვნულ არქივს რუკების ციფრული ასლები გადასცა

უკრაინის ცენტრალურმა სახელმწიფო საისტორიო არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული ორი ისტორიული რუკის ციფრული ასლი საქართველოს ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცა.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე წლის მაისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ამავდროულად, მინისტრი უკრაინის საარქივო სამსახურსაც ესტუმრა. რუკების ქართული მხარისათვის გადაცემა სწორედ ამ ვიზიტს  უკავშირდება.

 იოან ბაპტისტ ჰომანის მიერ შექმნილი თურქეთის იმპერიის რუკა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, 1748  წელს ნიურბერგში გამოცემულ ატლასშია შესული, ხოლო ტობიას კონრად ლოტერის მიერ 1774-1784 წლებში  შექმნილი და აუსბურგში დაბეჭდილი თურქეთის იმპერიის რუკა მსოფლიო გეოგრაფიული ატლასის ნაწილია.

ეროვნული არქივი აქამდე ამ რუკებს არ ფლობდა, ამდენად, კიდევ უფრო შეივსო ეროვნული არქივის მდიდარი კარტოგრაფიული მასალა და ვახუშტი ბატონიშვილის, გილომ დელილისა და სხვათა რუკებთან ერთად დაიდო ბინა.

 ორივე ისტორიული რუკა კარგად ასახავს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიისა და, კონკრეტულად, საქართველოს მდგომარეობას. სამეფო-სამთავროებად დაყოფილი ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ტერიტორიაზე მკაფიოდ არის აქცენტირებული ოსმალეთის იმპერიის ინტერესები. კერძოდ, ცალკეა გამოყოფილი გურია, იმერეთი, სამეგრელო და სამხრეთ საქართველო (ახალციხე-ახალქალაქი). ისტორიიდან კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიამ დასავლეთ საქართველოს სრული დაუფლება სცადა.

რუკების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ მკვლევარს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში შეუძლია.