დეკემბერი 548
en

თეონა იაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტისაგან საპატიო ორდენი მიიღო

პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ საზეიმო მიღებაზე პოლონეთის ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მიერ მინიჭებული საპატიო ორდენი გადასცა.
 პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში, კერძოდ, ისტორიული კვლევების სფეროში  შეტანილი წვლილისათვის თეონა იაშვილთან ერთად პოლონეთის პრეზიდენტის ჯილდო გადაეცა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს ვაჟა კიკნაძეს.
საქართველოში პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკამ აღნიშნა, რომ „ოფიცერთა საპატიო ჯვარი“ უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს გადასცემს. „ძალზედ სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ზეიმის დროს მაქვს პატივი, პოლონეთის პრეზიდენტის სახელით მოგანიჭოთ ორდენები, რომელიც პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია“, - მიმართა თეონა იაშვილს და ვაჟა კიკნაძეს პოლონეთის ელჩმა.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს პოლონურ მხარესთან. 2009 წელს საქართველოში გაიმართა გამოფენა „საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები პოლონეთის შესახებ“, ხოლო 2010 წელს ვარშავამ უმასპინძლა ექსპოზიციას „პოლონელები საქართველოში“. ამასთან, ეროვნულ არქივში დაცულია ევროპაში მოღვაწე სასულიერო პირის კირიონ მეორეს პირადი ფონდი, რომელშიც დაცულია მე-15-მე-18 საუკუნეების პოლონური ხელნაწერები.  ეს დოკუმენტები პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ აღწერა, ამჟამად კი მას პოლონელი მეცნიერები სწავლობენ.