ოქტომბერი 548
en

თელავის ადგილობრივი არქივი ეროვნული არქივის ელექტრონულ პროგრამაში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან თელავის ადგილობრივი არქივი ჩაერთო. 
პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამართა. 
მომსახურების ელექტრონული პროგრამით ამ დროისათვის სარგებლობს თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივი, თბილისის არქივი, ასევე, ქუთაისისა და სამტრედიის ადგილობრივი არქივები. ამ სისტემაში, ეტაპობრივად, ეროვნული არქივის ყველა ადგილობრივი ოფისი ჩაერთვება. 
თეონა იაშვილის ინფორმაციით, “ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, ქუთაისის, სამტრედიისა და თელავის მაცხოვრებლებს შეუძლიათ თბილისში მდებარე ცენტრალური და ადგილობრივი არქივებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ცნობები. გარდა ამისა, საარქივო დოკუმენტის მისაღებად ამ რაიონებში ჩასვლა აღარც თბილისელებს სჭირდებათ”.
ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს. 
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს. 
სპეციალური პროგრამა ეროვნულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა.