დეკემბერი 548
en

„თამარ მეფის ქამრის“ ესკიზი

ეროვნული არქივი პირველად აქვეყნებს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - ქამრის ესკიზს, რომელზეც ესკიზთან ერთად წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის შესახებ.

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ეროვნულმა არქივმა საგანგებო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც მიაკვლიეს  ესკიზით დამზადებულ ქამრის ბალთას და დაადგინეს „თამარ მეფის ქამართან“ დაკავშირებული გარკვეული დეტალები.

კერძოდ: ესკიზზე არსებული წარწერის მიხედვით, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სვანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს  განძი, რომელშიც იყო „თამარ მეფის ქამარი“, შუაში ბაგრატოვანთა სამეფო გვირგვინის გამოსახულებით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მასიური მოოქრული ვერცხლისგან დამზადებული.

1896 წლის 12 აგვისტოს ქამარი აღწერა  ციცინო დადიანმა და „თამარის ქამრის“ საფუძველზე შეადგინა (ან შეადგენინა) ახალი, საკუთარი ქამრის ესკიზი (სწორედ ის ესკიზი, რომელიც არქივში ინახება). ესკიზის საფუძველზე დამზადებული ქამრის ბალთა მას 1933 წლამდე ჰქონდა, ხოლო შემდეგ ჩააბარა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დღემდე ინახება. ქამრის ორიგინალის ბედი კი აქამდე გაურკვეველია.

ესკიზზე გამოსახული ქამრის ბალთის მფლობელი ციცინო დადიანი ბესარიონ დადიანის ასული და ვარლამ ერისთავის მეუღლე იყო. მას ღრმა მოხუცობამდე უცხოვრია და ანა კალანდაძის კარგი ნაცნობი ყოფილა, სწორედ მას ეძღვნება ანა კალანდაძის ერთ-ერთი ადრეული ლექსი.

სავარაუდოდ, 1933 წლისათვის ციცინო დადიანი მძიმე მდგომარეობაში იყო: ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმისათვის მის მიერ ჩაბარებული ქამრის ბალთას 5 ძვირფასი თვალი აკლია და საკმაოდ დაზიანებულია.

ამ მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას ეროვნული არქივი თამარ მეფის ხსენების დღეს უძღვნის.