დეკემბერი 548
en

სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მსურველთა კონკურსი

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში გამოიკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია; ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე  - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა.

კონკურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ: წყაროების მოძიება და დამუშავება; დოკუმენტების დედნებთან მუშაობა; მოძიებული და დამუშავებული მასალის მიხედვით საკვლევი თემის აწყობა; საკვლევი თემატიკის ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოქმედ სტუდენტებს. მათ 2018 წლის 12 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: კვლევის თემატიკა და მისი მნიშვნელობა, მასზე მუშაობის საჭიროება თუ აუცილებლობა; აპლიკანტის მიერ დაწერილი სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა სამი კანდიდატი. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 2019 წლის 15 იანვარიდან 15 მარტამდე იმუშავებენ. 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველად 2018 წლის დასაწყისში განხორციელდა. მასში მონაწილე სტუდენტების ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/2017-2018.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://archives.gov.ge/ge/2018-2019