დეკემბერი 548
en

სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. 
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო. 
სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.
ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს. 
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: „ჩვენი ეზო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ხევსურული ბალადა“, „ფერისცვალება“, „წუთისოფელი“, „დათა თუთაშხია“, „აურზაური სალხინეთში“, „ენგურის ნაპირებზე“, „ნატვრის ხე“, „ვიღახაც ავტობუსზე აგვინდება“, „გენერალი  და ზიზილები“ და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: „ბერიკონი“ „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, „მილიარდელის ვიზიტი“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“ და სხვ.