დეკემბერი 548
en

საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადადის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ბატონ ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალის შეხვდა.
 შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეგვიპტის არქივებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების ფორმები; უწყებებს შორის დოკუმენტების დაცვისა და რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების, სემინარების მოწყობის შესაძლებლობები.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელისა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები  ეგვიპტის ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც უძველესი დოკუმენტების დაცვისა და რესტავრაციის საკითხებს შეეხება. ორკვირიანი სემინარი 2011 წლის იანვარში ეგვიპტეში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივს და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოეწერა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი აჰმედ აბულ ღეიტის ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე ნალბანდოვმა, ხოლო ეგვიპტის მხრიდან - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ბატონმა ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალიმ.