დეკემბერი 548
en

საქართველოს კონსტიტუცია - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივი მიმდინარე კვირის დოკუმენტია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

 კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. 

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე, კომისიის მდივნად კი - პავლე საყვარელიძე. მრავალპარტიული კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, ნოე ჟორდანია, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მაყაშვილი. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კომისიის რამდენიმე წევრი ახალი წევრით ჩაანაცვლეს: ლეო ნათაძე (ნოე ჟორდანიას ნაცვლად), მარიამ ჩხეიძე (ივანე ჩერქეზიშვილის ნაცვლად), ალექსანდრე წერეთელი (გრიგოლ რცხილაძის ნაცვლად), გერონტი ქიქოძე და სპირიდონ კედია (გიორგი გვაზავას ნაცვლად). 

დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ - რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა. თქვენ წინაშე წარმოდგენილია გამოცემის ის ეგზემპლარი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერები ახლავს. 

დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.