დეკემბერი 548
en

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეროვნული არქივი მომავალში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ

15 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სათათბირო დარბაზში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 როგორც საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, "მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სემინარებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ორივე უწყების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. შესაბამისად, ამაღლდება ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება მოქალაქეთა უკეთ მომსახურებაში".
 მემორანდუმის თანახმად, ეროვნული არქივი ხელს შეუწყობს სააგენტოს სასწავლო ცენტრში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქმისწარმოებასა და საარქივო საქმესთან  დაკავშირებით ორგანიზებულ სწავლებებს; სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელო-სასწავლო მასალების მომზადებასა და ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას უსასყიდლოდ, მათი საჭიროების შესაბამისად. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სასწავლო ცენტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ერთობლივი ღონისძიებების ჩასატარებლად სასწავლო აუდიტორიების გამოყოფას; სასწავლო კურსების ჩატარებისათვის საჭირო ინვენტარსა და  მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს; სასწავლებლის ცენტრში მოხდება ეროვნული არქივის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო პროგრამებისა და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული შეთანხმება უზრუნველყობს უწყებების მჭიდრო საქმიან თანამშრომლობას.