დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობა უცხო ქვეყნების არქივებთან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მალტაში გამართული კონფერენციის: „21-ე საუკუნის არქივისტი. განათლებისა და სწავლების ახალი სტრატეგია“ ფარგლებში უცხოელ კოლეგებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული არქივი პოლონეთის ეროვნულ არქივთან აქტიურად თანამშრომლობს. მომავალი წლის გაზაფხულზე ვარშავაში იგეგმება პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საქართველოში პოლონელების მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოფენა. თეონა იაშვილმა თავის პოლონელ კოლეგასთან ამ ექსპოზიციის დეტალებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დელეგაცია პრაღაში ჩავა, სადაც ადგილზე გაეცნობა არქივის მოდერნიზებულ შენობას, დოკუმენტების დაცვისა და შენახვის ახალ სისტემებს.  
მალტაში 17-21 ნოემბერს გამართული კონფერენცია არქივის შესაძლებლობების გაზრდაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ეხებოდა. კონფერენციაში 100-მდე ქვეყნის არქივის დელეგაცია მონაწილეობდა.