დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  საარქივო ჩანაწერების დაცვისა და გავრცელების ოფისის დირექტორი რაფალ ლესკიევიჩი მიიღო. 

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღმავებასა და უწყებებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში გაფორმდება თანამშრომლობის დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ქართული და პოლონური მხარე გაცვლიან ორი ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლებს, იმუშავებენ ერთობლივ პუბლიკაციებსა და გამოფენებზე. 

ეროვნული არქივი ჩაერთვება, ასევე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პროექტში „საქართველოში 1930-იან წლებში რეპრესირებული პოლონელები“ და პოლონურ მხარეს დახმარებას გაუწევს ამ მოვლენასთან დაკავშირებით ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების მოძიებისათვის. პროექტი ითვალისწინებს მოძიებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონული ბაზის შექმნასა და გამოცემის მომზადებას.