დეკემბერი 548
en

„საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

„საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ - ამ სახელწოდების გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა.

გამოფენა ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, უკრაინის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელმა ტატიანა ბარანოვამ და საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა გახსნეს.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ორივე ქვეყნის მეცნიერები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ექსპოზიცია საქართველოს ეროვნული არქივის, უკრაინის სახელმწიფო არქივისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული.

გამოფენა მოიცავს საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის წინანდელ - 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ 60-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც დაცულია საქართველოსა და უკრაინის საარქივო დაწესებულებებში. მათ შორისაა უკრაინის ცენტრალური რადას მიერ 1917 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკრეტი; საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი; კავკასიაში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ მასალები და სხვ.