დეკემბერი 548
en

სამეგრელოს რეგიონის ხუთი ადგილობრივი არქივი ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩაერთო

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული სისტემა სამეგრელოს რეგიონის ხუთ რაიონში - ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილისა და ხობის ადგილობრივ არქივებში ამოქმედდა.
 ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ფოთის არქივში გამართა.
 მისი განცხადებით, „ეროვნული არქივის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაა. აქედან გამომდინარე ელექტრონული მომსახურების სისტემა ყველა რეგიონში დაინერგება. იმ რეგიონის მცხოვრებლებს, სადაც მოქალაქეთა მომსახურების პროგრამა ჩართულია, სხვა რაიონში გამგზავრება აღარ დასჭირდებათ და ადგილზე მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას“.
 ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში დანერგილ კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. „ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს“.
 მომსახურების ელექტრონული პროგრამა ეროვნულ არქივს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად მოემსახუროს. სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება დაინტერესებულ პირს მასთან ახლოს მდებარე არქივში შეუძლია.
ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, ასევე, მცხეთის, ზუგდიდის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნისა და რუსთავის ადგილობრივი არქივები.
2010 წლის აპრილის ბოლომდე, ეტაპობრივად, ქსელში ჩაერთვება სხვა ადგილობრივი არქივებიც.