დეკემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 4 ივნისს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალური თამაში 4 ივნისს 14 საათზე სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობისათვის ქვეყნის  მასშტაბით 374 სკოლა იყო რეგისტრირებული.

2018 წლის 26 აპრილს ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო მონაწილე იყო. პროექტის ფინალში 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება იყო. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. ვიქტორინას “რა? სად? როდის?” საქართველოს კლუბი უძღვება.

პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.