დეკემბერი 548
en

რუსთაველის ფრესკა. 1960 წელი – კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ფოტო, რომელზეც გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან დგანან. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, 1960 წელი.

„მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!
და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!“

ფრესკა, რომელიც საღებავით იყო დაფარული, ქართველმა მეცნიერებმა 1960 წელს იერუსალიმში ექსპედიციისას აღმოაჩინეს.


“მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?… შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: „მაქსიმე აღმსარებელი“, „იოანე დამასკელი“. სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც, – ვამბობთ ჩვენ. წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი, შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს: ერთგან, საღებავის ქვეშ, რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს, აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევენ. დაბეჯითებით, თვალმუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ“… „ამისა დამხატავსა“, უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და ახალი სიტყვების ამოსაკითხავად. ისინიც თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს. მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები, აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი… აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის კვალია, – ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი… ნამდვილად მეორე ხელი.
მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!
და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!“
ირაკლი აბაშიძე, ნაწყვეტი წიგნიდან „პალესტინის დღიური“.
ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, აკაკი შანიძის ფოტოკოლექციაში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.